სალომე მეზურნიშვილი - მარტოხელა მშობლებს სამედიცინო პერსონალი მეორე მშობლის წერილობით თანხმობას სთხოვს
სალომე მეზურნიშვილი - მარტოხელა მშობლებს სამედიცინო პერსონალი მეორე მშობლის წერილობით თანხმობას სთხოვს

თუ მარტოხელა მშობლის სტატუსი არსებობს, ბავშვის საზღვარზე გადაყვანის ან სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში, მეორე მშობელი აღარ ფიგურირებს, – განაცხადა „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„როცა მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ადამიანები ჯანდაცვის უწყებებში მიდიან და ბავშვებს სამედიცინო მკურნალობას თუ ოპერაციას უტარებენ, სამედიცინო პერსონალი მათ მეორე მშობლის წერილობით თანხმობას სთხოვს, რაც ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია და დიდი პრობლემაა. როგორღაც, ამ ადამიანების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ მარტოხელა მშობლებს პრობლემები არ შეექმნათ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა. 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა სტატისტიკასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ივნისიდან, როცა ძალაში მარტოხელა მშობლის სტატუსი შევიდა, სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა, დეტალური სტატისტიკა ეწარმოებინა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, როცა „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ სააგენტოს მიმართა, მარტოხელა მშობელთა ზუსტი მონაცემები და დეტალური კლასიფიკაცია გაკეთებული არ იყო.

„სტატისტიკის მოპოვება ექვსი თვის შემდეგ შევძელით და ამ საკითხში დღემდე პრობლემაა“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.