სალომე მეზურნიშვილი - კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა რეალურ წრეს, რომლებიც ბავშვებს მარტო ზრდიან
კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ პირთა რეალურ წრეს, რომლებიც ბავშვებს, ფაქტობრივად, მარტო ზრდიან, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ პროექტის კოორდინატორმა, სალომე მეზურნიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს არსებული კრიტერიუმი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელ პირთა წრეს განსაზღვრავს, ძალიან ვიწროა და ყველა მარტოხელა მშობელს არ ეხება. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად არიან და მართალია, ამ ბავშვების დაბადების სააქტო ჩანაწერში მეორე მშობელი ფიგურირებს, მაგრამ რეალურად, ისინი მეორე მშობლისგან არანაირ მორალურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებენ“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია, დეფინიცია სწორად განისაზღვროს.
„სამოქალაქო კოდექსით, მარტოხელა მშობლის სტატუსი მამასაც ეკუთვნის. თუმცა, დღეის მდგომარეობით, საქართველოში არც ერთი მარტოხელა მამა არ ფიქსირდება, რაც ლოგიკურია, რადგან როცა მელოგინე ქალი სამედიცინო დაწესებულებაში შედის და მშობიარობს, დედის მონაცემები სამედიცინო ფურცელში ავტომატურად ჩნდება. შესაბამისად, შეუძლებელია, არსებობდეს ბავშვი, რომლის დაბადების სააქტო ჩანაწერში იარსებებს მარტოხელა მამის მონაცემები და არ იარსებებს დედის მონაცემები“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
როგორც მეზურნიშვილმა აღნიშნა, სტატისტიკით არ არსებობს არც ერთი მშვილებელი მარტოხელა მამა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტერიუმები სწორად გაწერილი არ არის.
„არსებობენ მარტოხელა მამები, რომლებიც მეუღლემ მიატოვა და ბავშვებს მარტო ზრდიან, მაგრამ მათ მარტოხელა მამის სტატუსი არ აქვთ და მოკლებული არიან შესაძლებლობას, მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული დახმარება მიიღონ“, – განაცხადა სალომე მეზურნიშვილმა.