საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში, სახელმწიფო ისეთ ბიზნესს დაეხმარება, რომელიც სიცოცხლისუნარიანია და საბაზრო ჩავარდნების გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს, – ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

როგორც მიქაბაძე ამბობს, სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს პრინციპები და საფინანსო მექანიზმები, რომლის თანახმადაც, კომპანიები, რომლებსაც კომერციული ბანკებიდან სესხის აღება არ შეუძლიათ, რადგან უზრუნველყოფის სახით ქონებას ვერ დებენ, დახმარებას საგარანტიო ფონდიდან მიიღებენ.

„კომპანიებისთვის ეს არის უზრუნველყოფის მიმართულებით სახელმწიფოს დახმარება. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო გარანტორად ჩაუდგება ამგვარ ბიზნესს საბანკო სექტორთან ურთიერთობაში“, – განუცხადა პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოს“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება, ცალკე ფონდის შექმნა დაგეგმილი არ არის. მექანიზმი კერძო სექტორს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაუმარტივებს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მიმდინარეობს დეტალებზე მუშაობა, თუ როგორ მოხდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მონიტორინგი და დაკომპლექტება.

„დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა, ისე როგორც მონიტორინგისა და ანგარიშგების მიმართულებით, ასევე კრიტერიუმებზე. აქტიური ჩართულობაა საბანკო სექტორთან. ეროვნულ ბანკთანაც მიმდინარეობს კონსულტაციები. ეს მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რათა ეფექტიანი ინსტრუმენტი შეიქმნას. აღნიშნული ინსტრუმენტი მიმართულია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ. ეს კი, თავისთავად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის და დასაქმების განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება” – განაცხადა პირველ არხთან საუბარში ეკატერინე მიქაბაძემ.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება 2019 წელს იგეგმება.