ეკატერინე მიქაბაძე - პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება
ეკატერინე მიქაბაძე - პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ეკონომიკური გაჯანსაღების ფონზე საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება.

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ექსპორტი 8,6 პროცენტით გაიზარდა და 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში მკვეთრად იზრდება ადგილობრივი ექსპორტი. მისი ზრდა სექტემბერში 27 პროცენტია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა კი 240 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ ჩვენ გვაქვს საქონლით სავაჭრო დეფიციტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.