ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, ცვლილება პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა 
ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გავზარდეთ, ცვლილება პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოთხოვნადი და მიმზიდველი გახდა, რადგან მთავრობამ მოვახერხეთ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვნად გავზარდეთ მისი ბიუჯეტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ბიუჯეტი 20 მილიონიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება.

„ცვლილება შევა უახლოეს დღეებში პარლამენტში, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში. ეს წყარო გაჩნდება და შემდეგ შეეძლება ყველას, მათ შორის რესტორნების წარმომადგენლებს,  ამით ისარგებლონ. ჩვენ ამ ეტაპზე პროცესს არ ვაჩერებთ და გვინდა, იმ მომენტისთვის, როცა განახლებული ბიუჯეტი იარსებებს, მზად ვიყოთ. ამიტომ მომზადდა ხელშეკრულებები ყველა ბანკთან და ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ვრთავთ ამ მექანიზმში, რაც სიახლეა. ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მცირე და მიკრობიზნესებიც კი, შეძლებენ ისარგებლონ ამ ფინანსური მხარდაჭერით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ხელშეკრულებები უკვე მომზადებულია და უახლოეს პერიოდში მოეწერება ხელი.

„ასევე ბანკებში თავად ამ სესხებისა და ბიზნესების შესწავლა მიმდინარეობს. ანუ ისინი მზად იქნებიან, უახლოეს პერიოდში მოგვმართონ, როგორც კი, ცვლილებები დამტკიცდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, საკრედიტო-საგარანტიო სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა. სქემის ფარგლებში სახელმწიფო ბიზნესისთვის სესხებზე გარანტიას გასცემს და სესხების თანაუზრუნველყოფას მოახდენს. გარდა ახალი სესხებისა, პროგრამა ბიზნესს დაეხმარება არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის მხრივაც. უკვე საუბარია სესხებზე როგორც კომერციული ბანკებიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

დატოვე კომენტარი