საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად ცნო
საკონსტიტუციო სასამართლომ 48 საათის განმავლობაში ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ერთი სარჩელი საქმეზე – „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12-საათიანი ვადა ემთხვეოდა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება გრძელდებოდა 48 საათის განმავლობაში.

საია-ში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები ორი დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12-საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს.

„პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ამ დროის მიღმა პერიოდი ითვლება არასამუშაო დროდ.

სადავო ნორმის თანახმად, თუკი დაკავების პირველი 12 საათი ემთხვეოდა სამუშაო დროს, ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება არ შეიძლება, გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს, ხოლო თუკი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავების ვადა გრძელდება 48 საათის (ორი დღე-ღამე) განმავლობაში.

მაგალითად, თუკი ადამიანი დააკავეს საღამოს 18 საათზე, ასეთი ადამიანის დაკავების 12 საათი დასრულდება მეორე დღის 06:00 საათზე, შესაბამისად, ასეთი პირი დაკავებული უნდა ყოფილიყო ორი დღის განმავლობაში, ვინაიდან დაკავების 12 საათი იწურებოდა იმ დროს, როცა სასამართლო არ ჰქონდა სამუშაო დრო (06:00 საათი სასამართლოსათვის არასამუშაო დროა). მეორე შემთხვევაში, თუ ადამიანი დააკავეს გამთენიისას, 05:00 საათზე, ასეთი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის საღამოს, 17:00 საათზე, როდესაც სასამართლო ჯერ კიდევ მუშაობს. ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება, გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს და დაკავება უნდა დასრულდეს 17:00 საათზე.

ამგვარად, გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები ორი დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შემდეგი მაგალითი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო განსხვავებული მოპყრობა არაგონივრული: ადამიანი, რომელიც დააკავეს 2020 წლის 29 დეკემბერს 23:00 საათზე, სასამართლოს წარედგინება და ადმინისტრაციული დაკავებიდან თავისუფლდება მეორე დღეს, 2020 წლის 30 დეკემბრის დილის 11:00 საათზე, ხოლო თუკი ადამიანი დააკავეს ხუთი საათით ადრე, ანუ 2020 წლის 29 დეკემბრის 18:00 საათზე, ადმინისტრაციულ დაკავებაში იმყოფება ორი დღის განმავლობაში და სასამართლოს შეიძლება, წარედგინოს მესამე დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს საღამოს 18:00 საათამდე, უფრო გვიან, ვიდრე მასზე ხუთი საათით გვიან დაკავებული“, – აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადავადდა 2021 წლის პირველ ივნისამდე.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს დასახელებული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2021 წლის პირველ ივნისამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს ადმინისტრაციული დაკავების ქვეშ მყოფი პირების საპროცესო თანასწორობა“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.