საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N11 ანგარიში წარადგინა.

ანგარიში 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საია-ს დოკუმენტის მიხედვით, სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა, რასაც ხელს უწყობს საბჭოს წევრების შერჩევის მოქმედი წესი და ამ წესის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან.

„საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმების შედეგად, დიმიტრი გვრიტიშვილი კვლავ საბჭოს წევრის გახდა. მუდმივად შევსებულია, ე.წ. „თავმჯდომარეების კვოტა.“ კონფერენციის მიერ არჩეული რვა წევრიდან ოთხი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეა. კვლავ ვერ მოხდა ხუთი არამოსამართლე წევრის შერჩევა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში“, – აცხადებენ საია-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა გადაყვანა/დაწინაურების საკითხიც – მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად, „კლანი“ კი საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს, თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს.

„კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევს.

კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2022 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს, როცა დისციპლინური სამართალწარმოების მაქსიმალური ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

2022 წელს სხდომების ორგანიზება საგანგაშოდ გაუარესდა. საბჭოს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის სამი სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ დაუცავს. მუდმივად იცვლებოდა სხდომის ჩატარების დღე და საათი. მაგ.: ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდში საბჭოს სხდომა 31-ჯერ ჩაინიშნა, 11-ჯერ სხდომა ჩატარდა, ხოლო 20-ჯერ გადაიდო“, – აცხადებენ საია-ში.

ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, თუმცა, საია-ს განცხადებით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ სისტემაში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.