საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრს ვალერი ლომუაშვილისა და ლონდა თოლორაიას კანდიდატურები წარუდგინა
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორაია წარუდგინა.
როგორც საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (http://www.hr.gov.ge/) გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადების შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.
„კონკურსანტებს განაცხადების წარსადგენად 10 დღე განესაზღვრათ. კონკურსში, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა, განაცხადი 48 პირმა გააკეთა.
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპი იყო კონკურსანტების მიერ წარდგენილი განცხადებების გადარჩევა, ხოლო მეორე – კონკურსანტებთან გასაუბრება.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემოწმდა კანდიდატების შესაბამისობა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილ კრიტერიუმებთან. „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს 48 კანდიდატიდან მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა. შესაბამისად, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ 1-ელ ივნისს კონკურსის მეორე ეტაპზე – გასაუბრებაზე დაიბარა.
პირველ ივნისს, კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ სახალხო დამცველის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი პარლამენტის ერთი წევრი. ვინაიდან გასაუბრებას ესწრებოდა კომისიის წევრთა უმრავლესობა, გასაუბრება შედგა.
მეორე ეტაპზე გადასული შვიდი კანდიდატიდან, გასაუბრებაზე ხუთი გამოცხადდა. კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი წარედგინა“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია 23 აპრილს შეიქმნა.
კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შედიოდნენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატურები სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა.