შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იდგა თავის თანამშრომლებზე, ხელმძღვანელი თუ ამბობს, რომ ის არის დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტორი, ეს თანამშრომლების როლის დაკნინებაა
შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იდგა თავის თანამშრომლებზე, ხელმძღვანელი თუ ამბობს, რომ ის არის დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტორი, ეს თანამშრომლების როლის დაკნინებაა

დაწესებულების ხელმძღვანელი თუ ამბობს, რომ როგორც პიროვნება, ის არის დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის ერთადერთი გარანტორი, ეს საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ლონდა თოლორაიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა: „თქვენ დღეს გადაწყვიტეთ, რომ სახლში გაუშვათ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი სამი მოადგილე, რომლებმაც მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, შეძლეს, შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება“.

პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან.

„ამა თუ იმ დაწესებულების ხელმძღვანელზე ჩამოკიდება არასწორია და ეს არის საკუთარი თანამშრომლების როლის დაკნინება, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის, როგორც პიროვნება არის ერთადერთი გარანტორი დამოუკიდებლობის, პრინციპულობისა და მიუკერძოებლობის.

ვფიქრობ, ყველა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პირველ ყოვლისა, იდგა თავის თანამშრომლებზე. ეს თანამშრომლები ამ უწყებაში რჩებიან. საჯარო სამსახურში მთავარი შემოქმედები საჯარო მოხელეები არიან და ისინი ამ სამსახურში რჩებიან. როცა არის ისეთი მიდგომა, თითქოს ერთი ადამიანი არის პროფესიონალიზმის მთავარი ფაქტორი, ეს თავის თავში აჩვენებს, რამდენად არასწორია დამოკიდებულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.