სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, დაწესებულების დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა.
„სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი ექვსი არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა. მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.
ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ ათამდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.