სახელმწიფო ტენდერი, რომელშიც მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა, შეწყდა. შესაბამისი ოქმი შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, კონსოლიდირებული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ 31 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
სატენდერო კომისიის სხდომა 23 თებერვალს გაიმართა და მას მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგიაშვილი ხელმძღვანელობდა.
„სატენდერო კომისიის თავმჯდომარის, ილია ბეგიაშვილის მიერ სატენდერო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მონაწილეობდა და შესაბამისად, გამარჯვებულად ცხადდებოდა ერთზე მეტი მიმწოდებელი, რითიც უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება, მათ შორის ტერიტორიული დაფარვის კუთხით.
ერთზე მეტი გამარჯვებულის არსებობა ტენდერში ასევე უზრუნველყოფდა მეტნაკლებად თანაბარ კონკურენტული გარემოს არსებობას ბაზარზე მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის. კომუნიკაციების სფეროს სპეციფიურობიდან, მისი მაღალი მნიშვნელობიდან და უწყვეტი მომსახურების აუცილებლობიდან გამომდინარე, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საჭირო იყო ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა, რათა ერთ-ერთი მათგანის შეფერხების შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული მომსახურების გარეშე დარჩენის რისკი, რომელიც თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების სრულყოფილ და გამართულ ფუნქციონირებას.
უკანასკნელი რამდენიმე წლის კონსოლიდირებული ტენდერების შედეგების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიას მოლოდინი ჰქონდა, რომ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში CON170000111 დაფიქსირდებოდა კონკურენცია და მონაწილეობას კვლავ ერთზე მეტი კომპანია მიიღებდა, თუმცა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა – შპს „ვიონი საქართველომ“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.
ასევე, სატენდერო კომისიაში ტენდერის ჩაშლის მიზეზად კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებულ წერილს ასახელებენ.
„სატენდერო კომისიამ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და პრეტენდენტის ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობების დადგენის მიზნით, კომპეტენციის გათვალისწინებით, წერილობით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საპასუხო შესწავლისას, მოცემულ ეტაპზე ვერ იკვეთება პრეტენდენტის ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობების სრული სურათი“, – აღნიშნულია ოქმში.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, იგეგმება ბაზრის ხელახალი კვლევის ჩატარება და სატენდერო პირობების გადახედვაც.
შეგახსენებთ, „მაგთიკომმა“ და „ჯეოსელმა“ ტენდერში მონაწილეობა სწორედ სატენდერო პირობების, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებული წერილის გამო არ მიიღეს.
კომისია ახორციელებს მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებაზე გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდების სუბსიდირების საკითხის შესწავლას.