კახა ბექაური - „ბილაინის“ გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს, მესამე კომპანია არ გაქრება
კახა ბექაური - „ბილაინის“ გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს, მესამე კომპანია არ გაქრება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური აღნიშნავს, რომ მის მიერ კომპანია „ბილაინთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მისი თქმით, კომპანიის გაყიდვა, ანუ ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელის ხელში გადასვლა, არ ნიშნავს, რომ კომპანია ბაზარს ტოვებს.

„მფლობელის მიერ „ბილაინის“ გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს. ასე რომ, არავითარი მესამე კომპანიის გაქრობა არ იგეგმება ბაზრიდან და ეს პირველივე კომენტარში განვაცხადე, თუმცა მაინც მოხდა ამ კომენტარის ინტერპრეტაცია.  ვფიქრობთ, სამი კომპანია დღევანდელ საკომუნიკაციო ბაზარზე, რათა საცალო კონკურენცია იყოს, საკმარისია. დღევანდელი გადასახედიდან და ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ოთხი მოთამაშე ბევრია და ოთხ მოთამაშეზე გადანაწილებულმა ბაზარმა შესაძლოა,  პრობლემები შექმნას: შემცირდება შემოსავლები, შემცირდება მოგება, შემცირდება ინვესტიციებიც სამომავლო განვითარებაში, რადგან ეს სფერო ტექნოლოგიურია და ძალიან სწრაფად ითხოვს მოდერნიზებას”, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შემოსავლების დაახლოებით 15 პროცენტი მიდის კაპიტალურ დაბანდებაში, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია სფეროებში. ბექაურის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიები სხვა შემოსავლებითაც იყვნენ უზრუნველყოფილი და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ უნდა დაინერგოს მობილური გადახდები, რასაც მისი განმარტებით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

„ეს არის პატარა, ყოველდღიური გადახდები, კერძოდ, გვინდა,   სატელეკომუნიკაციო კომპანიები აღიჭურვოს უფლებით, რომ მათ ყოველდღიურად არა უმეტეს „50 ევროსი”, ხოლო თვიურად არა უმეტეს „300 ევროთი“, მომხმარებელმა შეძლოს ონლაინ შესყიდვების განხორციელება, ისეთების მაგალითად, როგორიც არის კინოს ბილეთები, მატარებლის ბილეთები, და ა.შ. ეს არა მხოლოდ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისთვის არის მოსახერხებელი, არამედ ავითარებს ელექტრონულ კომერციასაც”, – განაცხადა ბექაურმა და დასძინა, რომ ეს ვალდებულება ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განესაზღვრა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სფეროა და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობას აპირებს.

დატოვე კომენტარი