კახა ბექაური - პრინციპში, „ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ბაზრიდან გასვლა
კახა ბექაური - პრინციპში, „ბილაინს“ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ბაზრიდან გასვლა

კომპანია „ბილაინს“ პრინციპში, საქართველოს ბაზრიდან გასვლა გადაწყვეტილი აქვს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში კახა ბექაურმა „სილქნეტსა“ და „მაგთის“ მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით და ბაზარზე კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში აღნიშნულ სექტორში კონკურენცია შესუსტდა, ვინაიდან ბაზრიდან გავიდა კომპანია „თელიასონერა“, რის შემდეგაც „ჯეოსელი“ „სილქნეტმა“ შეისყიდა. შესაბამისად, ბაზრიდან გასვლამდე „თელიასონერა“ ინვესტიციებს არ ახორციელებდა და ქსელის განვითარებაზე არ ზრუნავდა. დაახლოებით იგივე ვითარებაა „ბილაინთან“ დაკავშირებითაც.

„მესამე კომპანიას, „ბილაინს“ არ ჰქონდა 4G სიხშირე და ამ ორ კომპანიას კონკურენციას ვერ უწევდა, მაგრამ კომისიის ახალმა შემადგენლობამ მათ 800-იანი სიხშირე მივეცით, მეოთხე თაობის განვითარება შეძლეს. მიუხედავად ამისა, მათ საქართველო მაინც გარკვეულ საექსპერიმენტო ბაზრად ჰქონდათ და პრინციპში, „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ბაზრიდან გასვლა. ამ ბიზნესს ისიც ყიდის. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, მისი მხრიდანაც არ ხდება კომპანიის განვითარება, რომ კონკურენციაში მძაფრად ჩაერთოს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორ წელიწადში, ამ მოვლენებმა მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენცია მცირედით შეასუსტა.

„ბილაინი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, დღეისთვის, კომპანიას ერთ მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.