სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისი საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისი საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბოლო დროს უწყების საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სურს საზოგადოების ყურადღება მიაპყროს უკანასკნელ პერიოდში მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ფართო სპექტრის საკითხებისადმი. ასეთი ცილისმწამებლური კამპანია და უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სხვადასხვა უწყების კომპრომენტირებას და მათთვის დაუმსახურებლად ჩირქის მოცხებას. ასეთ ცრუ ბრალდებებში გამოსჭვივის სრული არაკომპეტენტურობა, რაც ჩვეულებრივ შემთხვევებში არ იქნებოდა რაიმე რეაქციის საფუძველი, რომ არა დემაგოგიური განცხადებებით სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობა.

ამ კამპანიით ხდება სახელმწიფო შესყიდვებში გაუთვიცნობიერებელი საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა, რომ სახელმწიფო შესყიდვების არსებული სისტემა თითქოს ისე არის მოწყობილი, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების დროს გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ფასით, რასაც ეწირება საქონლის თუ მომსახურების ხარისხი. აღნიშნული შეფასება შორსაა რეალობისაგან და აბსოლუტურად არ ასახავს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანომ მიიღოს მისთვის სასურველი ხარისხის, პარამეტრებისა და კონდიციის მქონე საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაოები, მან გამოცხადებულ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ ტექნიკურ სპეციფიკაციებში სკურპულოზურად და დეტალურად უნდა ჩამოაყალიბოს ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში არის შესაძლებელი სასურველი საქონლის მიღება. თუკი ესა თუ ის საქონელი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს, მისი წარმდგენი კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ფასის კომპონენტი კი თავს იჩენს მხოლოდ იმ  შემთხვევაში და გავლენას ახდენს გამარჯვებულის გამოვლენაზე, თუკი წარმოდგენილია მოთხოვნის შესაბამისი საქონელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაოდენ დაბალი ფასი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუკი შესყიდვის ობიექტი არ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს, ასეთ წინადადებას შემდგომი მსვლელობა არ მიეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული SPA ტენდერების პლატფორმა სწორად შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იძლევა სასურველი ხარისხის პროდუქტის მიღების შესაძლებლობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ხარისხის კომპონენტზე აქცენტირებით, ჯერ კიდევ 2016 წლიდან დანერგა სახელმწიფო შესყიდვის ახალი ტიპი, ე.წ. ორეტაპიანი ტენდერი (MEP), რომელიც ითვალისწინებს გამარჯვებულის გამოვლენას ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების გზით. აღნიშნული ტენდერის ტიპი შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს შეფასების კრიტერიუმები და ის ხვედრითი წონები, რომელთა გათვალისწინებითაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული ფორმულა გამოავლენს ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდების მქონე სატენდერო წინადადებას.

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ კარგად შედგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და გამარჯვებულ კომპანიასთან იურიდიული ნორმების დაცვით გაფორმებული ხელშეკრულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღოს სასურველი ხარისხის შესყიდვის ობიექტი. სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ითვალისწინებს ინსპექტირების ინსტიტუტს, რომლის მიზანია უზრუნველყოს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა შესრულებულ სამუშაოებზე. თუ შესყიდვის ობიექტის ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ეს უკანასკნელი სათანადო მითითების შემთხვევაში ვალდებულია გამოასწოროს აღნიშნული დეფექტები, ხოლო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც ფინანსური სანქციების დაწესებას, ასევე ასეთი კომპანიის დარეგისტრირებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

რაც შეეხება ცალკეული პირების მიერ გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით განცხადებებს, რომ თითქოს ასეთი ტიპის შესყიდვები წარმოადგენენ კორუფციის წყაროს და ამგვარ შემთხვევებში სასურველი მიმწოდებლების შერჩევა ხდება ზოგიერთი მაღალჩინოსნის მხრიდან ფავორიტი კომპანიის ლობირებით, აბსოლუტურად არ ასახავს არსებულ რეალობას და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.

გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება მას შემდეგ, რაც ასეთი ტიპის შესყიდვაზე თანხმობის გაცემა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაში გადმოვიდა. ასე მაგალითად, გასულ 2017 წელს გამარტივებული შესყიდვები შეადგენდა დაახლოებით 21%-ს, რაც 2016 წლის მონაცემთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული SMP მოდული იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია კონკრეტულ გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მათი საფუძვლიანობის შემთხვევაში იზიარებს და ითვალისწინებს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ამ მომენტისათვის სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვის თაობაზე გამოცემული არცერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი სასამართლოში არ გასაჩივრებულა.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არ გამორიცხავს, რომ ცალკეული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას დაირღვეს კანონმდებლობის მოთხოვნები, სწორედ ამიტომ სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კანონის დამრღვევი შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირების მიმართ დგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და იგი დადგენილი წესით ეგზავნება სასამართლოს განსახილველად.

2017 წელს შედგა 113 სამართალდარღვევათა ოქმი 280 თანამდებობის პირის მიმართ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიაჩნია, რომ ცალკეულ კანონდარღვევებთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა ფრიად გაძნელდება საზოგადოების თანადგომის გარეშე, სწორედ ამიტომ ყველა დაინტერესებულ პირს და ამ ქვეყნის მოქალაქეს მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რაიმე უკანონობის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, რათა თავიდან ავიცილოთ ვიწრო პარტიკულარული ინტერესების მქონე პირების მხრიდან საზოგადოების მოტყუება.

ღრმად გვწამს, რომ მხოლოდ ასეთი, შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით არის შესაძლებელი სახელმწიფოს ფულადი სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ხარჯვა“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.