სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესმენებთან შეხვედრების შემდეგ, რამდენიმე ცვლილება განახორციელა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესმენებთან შეხვედრების შემდეგ, რამდენიმე ცვლილება განახორციელა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბიზნესმენებთან შეხვედრების შემდეგ, რამდენიმე ცვლილება განახორციელა და რეკომენდაციები შეიმუშავა, – ამის შესახებ პირველ არხს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა, პირგასამტეხლოს დიდი ოდენობა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გამოსცა რეკომენდაცია და სხვადასხვა შემთხვევაში პირგასამტეხლოს რეკომენდებული ოდენობა განსაზღვრა.

„ბიზნესმენებისათვის მწვავედ იდგა თანხების ანაზღაურების დაგვიანების საკითხი. სააგენტომ გაითვალისწინა ბიზნესმენების შენიშვნა და გამოსცა რეკომენდაცია, ანგარიშსწორების ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში განსახორციელებლად.

შეხვედრებზე მეწარმეები მიუთითებდნენ ტენდერში არასრულყოფილი სატენდერო წინადადებების წარდგენაზე, რითაც სარგებლობდნენ ცალკეული ეკონომიკური აგენტები და დროის მოგების, ან სხვა რაიმე მოტივით ღიად ტოვებდნენ შესავსებ დოკუმენტაციას. ამგვარი პრეცედენტების გამორიცხვის მიზნით, ნორმატიული აქტით განისაზღვრა, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა“, – განაცხადეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი დავების განხილვის საბჭოში დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას ეხებოდა.

„ბიზნესმენების განცხადებით, რიგ შემთხვევებში, საჩივრების წარდგენით ხელოვნურად ჭიანურდებოდა შესყიდვის პროცედურები. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად, კანონით დაწესდა დაინტერესებული პირის ინსტიტუტი, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ზემოხსენებული შემთხვევები.

მიმწოდებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ასევე იმის თაობაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები არასათანადოდ სცემდნენ პასუხს მათ მიერ „კითხვა-პასუხის“ მოდულში დასმულ კითხვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიული აქტით დაწესდა შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება არაორაზროვნად გასცეს პასუხი მიმწოდებელს კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

შეხვედრებზე დასმული პრობლემატური საკითხებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების სწორად გამოყენებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

როგორც უწყებაში განმარტეს, ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ, შემუშავდა სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა და შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა, გენერირებული კითხვარის მეშვეობით, ​ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია.

„შედეგად, მიმწოდებელთათვის გაადვილდა მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება, რადგან საკითხები, მიუხედავად შემსყიდველი ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმისა და შესყიდვის ობიექტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას მიეთითება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს“, – განაცხადეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.