სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისათვის შარშან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისათვის შარშან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევისათვის 2017 წელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 284 პირს დაეკისრა – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების  ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილ  ფაქტებზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და დადგენილი წესით აგზავნის სასამართლოში.

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წელს შეადგინა 113 ოქმი. შესაბამისად, მათ საფუძველზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა 284 პირი, მათ შორის, თანამდებობის პირები (შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის თავმჯდომარეები, სატენდერო კომისიის წევრები).

2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით, სასამართლომ დაადასტურა სააგენტოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების კანონიერება 113-ვე შემთხვევაში და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდამრღვევ პირებს დააკისრა სხვადასხვა სიმძიმის სანქცია.

სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევათა სპექტრი ძირითადად მოიცავდა სატენდერო კომისიების მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ შეფასებას,  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების  არასწორად შერჩევას ან სახელმწიფო შესყიდვების ხელოვნურად დაყოფას მონეტარული ზღვრების თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენას, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადების წესების  დარღვევას და სხვა სამართალდარღვევებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მომავალშიც აქტიურად გამოავლენს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს და მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას ყოველ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით. ამავდროულად, მოვუწოდებთ შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას განუხრელად  დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები“, – აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.