სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს იწყებს
USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ატარებს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში სახელმწიფო შესყიდვებით ბიზნეს სექტორის დაინტერესება და მათი საჯარო შესყიდვების პროცესში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს ქალაქ ბათუმში შედგა, რომელსაც აჭარის ა/რ-ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: გორში, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გაიმართება.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისა და მეწარმეთათვის ტრენინგების ციკლს ატარებს. პროექტისთვის 15 მონაწილე შეირჩა ბიზნეს ასოციაციებისა და რეგიონული წარმომადგენლობებიდან, რომლებმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადამზადების ინტენსიური კურსი გაიარეს. მოსამზადებელი კურსი მათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერებმა ჩაუტარეს. პროექტის მეორე ეტაპზე გადამზადებული ტრენერები რეგიონებში დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებისა და სერვისების თაობაზე.
USAID G4Gპროგრამისფარგლებში, რომელიც უკვე წლებია მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, შეიქმნა 6 ახალი გამოცემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე შემსყიდველ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ელექტრონული სერვისების შესწავლაში დაეხმარება.