სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი ამოქმედდა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა და სამოქმედოდ შემოიღო სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით სამოდელო ქცევის წესების დანერგვას, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ კოდექსს დღეს 300-მა შემსყიდველმა მოაწერა ხელი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, კოდექსი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიმართულია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებმა მათთან დაკავშირებული მაღალი პასუხისმგებლობა გაიაზრონ. ამასთან, მათთვის დაკისრებული მაღალი მისიის პირნათლად შესრულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებით, ხელი შეუწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების ეფექტიან რეალიზებას, მათ შორის, სახსრების რაციონალურ ხარჯვას, ჯანსაღ კონკურენციასა და გამჭვირვალობას.
„კოდექსს ლაიტმოტივად გასდევს შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ მათი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების ვალდებულება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს სამართლიანი და ისინი დაეფუძნოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს.
კოდექსი ხელს შეუწყობს, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცულ იქნას პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები, რაც თავის მხრივ, დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმსა და პირადი პასუხისმგებლობის როლის გაძლიერებაზე პოზიტიურად აისახება.
ეთიკური ქცევის პროფესიული სტანდარტები უნივერსალურია და აერთიანებს პატიოსნებისა და ნდობის, კანონმორჩილების, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობის, გულისხმიერებისა და წინდახედულობის, გამჭვირვალობისა და ღიაობის, ანგარიშვალდებულების, პროპორციულობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებს.
ეთიკის კოდექსი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 (HICD 2020) პროექტის ხელშეწყობით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოთქვამს იმედს, რომ ქვეყანაში არსებული მრავალრიცხოვანი და სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მატარებელი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მიუხედავად კოდექსის არანორმატიული ხასიათისა, ნათლად გააცნობიერებენ დოკუმენტის მნიშვნელობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეფექტიანად, ტრანსპარენტულად და სამართლიანად წარმართვის საქმეში და თითოეულ მათ ქმედებას განახორციელებენ კოდექსში დამკვიდრებულ დებულებათა დაცვის სულისკვეთებით“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.