სახელმწიფო ინსპექტორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე აირჩევენ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ. შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც უმრავლესობის წევრებმა: ანრი ოხანაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების განხორციელების მიზანია, განისაზღვროს იმ აუცილებელი მუხლების ძალაში შესვლის თარიღი, რომლებიც უზრუნველყოფენ პარლამენტის მიერ ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის შესაძლებლობას 2019 წლის პირველ ივლისამდე.
„საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციისთვის აუცილებელია, რომ ცვლილების შედეგად, 2019 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლი, რათა სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეიძინოს კანონის ამოქმედების დროისთვის თანამდებობაზე მყოფმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.
აღნიშნულით ის აუცილებელი წინაპირობა შეიქმნება, რომელიც გახდება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედებისა და ახალი სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის საფუძველი“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.