კელი დეგნანმა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტსა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე პარლამენტში შეხვედრა გამართა
კელი დეგნანმა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტსა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე პარლამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და უმრავლესობის სხვა დეპუტატებთან შეხვედრა გამართა.

დეგნანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტსა და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ შესაძლებლობას, რომ შევხვედროდით კომიტეტების თავმჯდომარეებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტზე, კერძოდ იმ მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებს სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას. ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა. კომიტეტების ხელმძღვანელებმა უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს და ვფიქრობ, მხედველობაში მიიღეს ჩვენი შეშფოთება, რასაც ვაფასებთ. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა კანონმდებლობაზე, რომელიც შეცვლის დისციპლინურ პროცესს მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლეებისთვის. ასევე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის სხვა შესწორებებზე. ისევ და ისევ ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს საკითხები განიხილება დაჩქარებული წესით, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ეს არის კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები, რომელიც იმსახურებს ფართო კონსულტაციებს და დროს, რომ ისე იყოს განხილული, როგორც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვურჩიეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ შეანელონ პროცესი. დავრწმუნდი, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე კონსულტაციები იანვრიდან დაიწყება. ჩვენი რეკომენდაციები და პოზიციებია, რომ ნებისმიერი შესწორება განხილული იყოს პროფესიონალურ დონეზე. ვიმედოვნებ, რომ კომიტეტების ხელმძღვანელები ჩვენს შეშფოთებას სერიოზულად მიიღებენ და შეანელებენ ორივე კანონმდებლობის განხილვას, ვიდრე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არ ჩატარდება სრულყოფილი და ფართო კონსულტაციები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.