სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები 2019 წლის 17 მაისიდან 26 მაისამდე მიიღება.

კონკურსი ოფიციალურად  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ  ხუთი  წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

კონკურსი  შედგება ორი ეტაპისგან – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატურას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. მთავრობის მეთაურისგან კი, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორი კანდიდატურა წარედგინება.