სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „აიპლუსის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „აიპლუსის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს.
როგორც ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, „აიპლუსის“ ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტს ასახავს, შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება. შესაბამისად, იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას, დაწყებულია საკითხის შესწავლა.
„ვიდეოჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.
კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.
იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.