სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა.
თეა წულუკიანის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ორი უმთავრესი ფუნქციით იქმნება.
„პირველი იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება, ეს გახლავთ წამება, წამების მუქარა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა და დანაშაული, რომელიც შეიძლება ასეთმა პირმა ჩაიდინოს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან მსხვერპლის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება სახელმწიფო ინსპექტორისა, ზუსტად ის ფუნქციები იქნება, რასაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ჩამოთვლილი ორი მიმართულება ერთ ინსტიტუტში იქნება შეთავსებული და გამოირიცხება ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი, რომელზეც კონსულტაციების დროს წუხილი გამოითქვა.
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ იქნება დევნის ორგანო და ეს ფუნქცია რჩება პროკურატურას.
„ჩვენ არ ვქმნით ახალ პროკურატურას, ვქმნით საგამოძიებო დამოუკიდებელ ახალ ორგანოს. დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურაში, მაგრამ კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თუ ინსპექტორს, გამომძიებელსა და ზედამხედველ პროკურორს შორის იქნება აზრთა სხვადასხვაობა, დაიწყოს თუ არა დევნა, ასეთ შემთხვევაში, ინსპექტორს ჰქონდეს მთავარი პროკურორისადმი მიმართვის საშუალება, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განმარტა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მისი თქმით, შეთანხმდა, რომ ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, უზენაესი სასამართლოს ფუნქცია გახდეს ისეთი საქმეების მონიტორინგი, როცა საუბარია ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დანაშაულზე.
იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციების პროცესში გაწეული დახმარებისთვის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფისს მადლობა გადაუხადა.