სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

„SAI-PMF-ის  ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022 წწ) მაქსიმალური ოთხი ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა.

SAI-PMF-ის შეფასება და სხვა ევროპულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ინსტიტუციური განვითარება გაუთანაბრდა ევროკავშირის ქვეყნების დონეს.

SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექანიზმია, რომელიც აფასებს აუდიტის სამსახურების როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხსა და მანდატს, შიდა მმართველობასა და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციასა და ადამიანური რესურსების მართვას“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის საერთაშორისო შეფასების (SAI-PMF) და სტრატეგიული გეგმის შესრულების შედეგების პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი ხვალ წარუდგენს.