აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურში 60 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვის ხელშეკრულებაზე კონტროლი შტატგარეშე თანამშრომელმა განახორციელა
აუდიტის სამსახურის დასკვნით, 2016-2017 წლებში შემოსავლების სამსახურში 60 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვის ხელშეკრულებაზე კონტროლი შტატგარეშე თანამშრომელმა განახორციელა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელმაც შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურებისა და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, ინტერესთა კონფლიქტზე არის საუბარი.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 60 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვის ხელშეკრულებაზე კონტროლი შტატგარეშე თანამშრომელმა განახორციელა, რომელიც ამ კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმებამდე სამი დღით ადრე მიიღეს სამუშაოდ.

„2017 წლის 24 ივლისს შემოსავლების სამსახურსა და შპს „სინერჯი ჯგუფს“ შორის გაფორმდა გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით, რომლის ღირებულება 60,000 ლარს შეადგენდა. შემოსავლების სამსახურის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირი იყო შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც სამსახურში ხელშეკრულებით აყვანილ იქნა „სინერჯი ჯგუფთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე სამი დღით ადრე. შტატგარეშე მოსამსახურე და მიმწოდებელი კომპანია იყვნენ ურთიერთდამოკიდებული პირები, ვინაიდან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისინი ერთობლივად ფლობდნენ წილს, სხვა საწარმოში.

ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მოსამსახურეს უნდა განეცხადებინა აღნიშნული გარემოებების თაობაზე და შეეწყვიტა მონაწილეობა ამ შესყიდვაში, რაც არ განხორციელებულა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით „შტატგარეშე მოსამსახურეს პრეტენდენტის შერჩევასა და ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული პროექტი შეთანხმებული იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომლის მიღება განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებული და უფლებამოსილი სუბიექტების თანხმობითა და მონაწილეობით“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.