გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილს ნულოვანი პასუხისმგებლობა, ასევე ზერელე და მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს    
გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილს ნულოვანი პასუხისმგებლობა, ასევე ზერელე და მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს    

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მომხმარებლურია.

ვოლსკიმ აღნიშნულის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

„ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა რამეზე არ გააჩნია. ერთადერთი, რაც მკაფიო იყო ამ თემასთან დაკავშირებით, ისაა, რომ სააკაშვილის გაფლანგული 9 მილიონი, თურმე ყოფილა მხოლოდ პიჯაკებისა და პალტოებისთვის გამოყოფილი თანხები. ეს არის მისი დამოკიდებულება ხარჯების მიმართ ზოგადად და არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ თანხების თემით შემოიფარგლება. არ არის მხოლოდ თანხებზე საუბარი. მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი არის მომხმარებლის დამოკიდებულება. ვფიქრობ, მისი პოზიციაც, პრეზიდენტობის პერიოდიც იყო წმინდა მომხმარებლური დამოკიდებულება, იგივე თანხებთან დაკავშირებით, მოთხოვნები სხვის მიმართ და უპასუხისმგებლო საკუთარი მხრიდან“, –  განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტს ნულოვანი პასუხისმგებლობა და ზერელე დამოკიდებულება აქვს.

„თავისი აპარატის თანამშრომლების კანდიდატურების წამოყენება, დანიშვნა – ეს არის ის, რაც ახასიათებს სამწუხაროდ ჩვენს პრეზიდენტს. პასუხისმგებლობა ნულოვანი ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში და დამოკიდებულებები ზერელე და მომხმარებლური როგორიც მას აქვს, ვფიქრობ ძალიან ცუდია“,  – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა.

ფინანსური აუდიტის ანგარიშზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

დატოვე კომენტარი