გურამ იმერლიშვილი - ვისურვებდი, ჩემს ქვეყანაში შობის ზეიმი ყველა ადამიანის გულის კარამდე მივიდეს
ადამიანთა შორის როდესაც ამდენი ტკივილია, ამდენი იმედგაცრუება და სასოწარკვეთაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხალხმა გააცნობიეროს, რამხელა მადლი და სიყვარულია გამოვლენილი ქრისტეშობის სახით, ღმერთის მიერ ადამიანთა მიმართ, – ამის შესახებ სახარების რწმენის ეკლესიის მქადაგებელმა გურამ იმერლიშვილმა პირველ არხს განუცხადა.
„ვისურვებდი, რომ ჩემს ქვეყანაში, ეს დიდი და უბრწყინვალესი ზეიმი იყოს ყველა ადამიანის გულის კარამდე მიტანილი, რომ გვახსოვდეს, უფალი ჩვენთან არის და არის იმედი. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ყველას ვულოცავ ქრისტეშობას, დაესწარით მრავალს“, – განაცხადა გურამ იმერლიშვილმა.
ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.
ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.
კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.
დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.