საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია სააღდგომო მსახურებასა და ქადაგებას მრევლისთვის „ფეისბუქის“ საშუალებით გადასცემს
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია სააღდგომო მსახურებასა და ქადაგებას მრევლისთვის „ფეისბუქის“ საშუალებით გადასცემს

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია სააღდგომო მსახურებასა და ქადაგებას მრევლისთვის „ფეისბუქის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში გადასცემს. პირდაპირი ჩართვის დროს დარბაზი ცარიელი იქნება, სააღდგომო მსახურებას ეკლესიის რამდენიმე მსახური ჩაატარებს, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა.

ასევე ეპისკოპოსმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა:

„სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს და სრულიად საქართველოს მივულოცავ აღდგომის დღესასწაულს. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის და ევანგელური ეკლესიების მრევლს, რადგან საგანგებო მდგომარეობის მიღების შემდეგ, პირველივე დღეებიდან მათ გამოიჩინეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს.

ეკლესიის მსახურებისთვის, რა თქმა უნდა, რთული მომენტია, როდესაც ცარიელ დარბაზიდან გვიწევს მრევლთან ურთიერთობა ონლაინრეჟიმში, მაგრამ ჩვენ გვჯერა იესო ქრისტეს სიტყვების, რომ სადაც ორი და სამი იქნებით ჩემი სახელის გულისთვის, მე თქვენ შორის ვიქნები. ჩვენ გვჯერა, რომ თუნდაც ამ რეჟიმში უფალი ისმენს ყოველი ჩვენგანის ლოცვას ამ დარბაზიდან და სადაც თქვენ ხართ იქედან. ჩვენ გვჯერა, რომ უფალს ესმის ჭეშმარიტი მორწმუნის ვედრება და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღე – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ განურჩევლად კონფესიისა, ვინც დღევანდელ დღეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობთ. მინდა, ყველას მოგილოცოთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღე და გისურვოთ ყველას, ამ რთულ პერიოდში უფალმა შეინახოს ყოველი ჩვენგანის ჯანმრთელობა, ყოველი ჩვენგანის სიცოცხლე იყოს დაცული და ქრისტეს აღდგომის მადლი მოეფინოს ყოველი ჩვენგანის ოჯახს. ქრისტე აღსდგა“, – განაცხადა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა.