სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი - მნიშვნელოვანი მომენტია, რომ საზოგადოებრივი არხის მეშვეობით ადამიანებმა განსხვავებული აზროვნების შესახებ უფრო მეტი გაიგეს
სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილი მორწმუნეებს ქრისტეს შობა მიულოცა.
ოლეგ ხუბაშვილმა მრევლს სახარების რწმენის ეკლესიაში მიმართა.
“დღეს ყველა იესოს გარშემო ვართ შეკრებილები. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის იესო ქრისტეს შობა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ დღესასწაული დღესასწაულს ცვლის, მოვა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ ვიტყვით ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. იესომ ჩვენ გვიჩვენა უცოდველი ადამიანის ცხოვრების მაგალითი. ჩვენს გულებში გვყავდეს იესო ქრისტე, რომელიც რეალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით გვაძლევს უნარს, რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.
ოლეგ ხუბაშვილმა ქრისტეშობისადმი მიძღვნილი “მოამბის” სპეციალური გამოშვების გამო, პირველ არხს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა დღევანდელი დღისთვის ჩვენს სტუმრებს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს დღევანდელი დღე ქრისტეს შობა. მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, რომ საზოგადოებრივი არხის მეშვეობით დღეს ადამიანებმა უფრო მეტი გაიგეს განსხვავებული აზროვნების შესახებ. არა მარტო ჩვენს შესახებ, ბაპტისტური, კათოლიკური და სხვა ეკლესიებიდან იყო ჩართვები. საზოგადოებამ დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტი გაიგო, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათსავით ადიდებენ ქრისტეს”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.