სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები გამკაცრდა

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გამკაცრებული სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა. აღნიშნულს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს.

სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარებიან ობიექტები, რომლებზეც მანამდე რეგულაცია არ ვრცელდებოდა, კერძოდ, სასტუმროები, სადაც 100 საწოლზე ნაკლებია და სავაჭრო თუ გასართობი ცენტრები, რომელთა ფართობიც 300 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.

დარღვევაზე ფულადი სანქციები თითქმის ათმაგდება და 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე იქნება.

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის და ხუთდონიანი მართვის სისტემა ორდონიანით იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დონეზე რეაგირებასა და კოორდინირებაზე პასუხისმგებელი ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უქმდება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მის ყველა ფუნქციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეასრულებს.
კანონის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  მოხალისეების გადამზადებას დაიწყებს. 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება პლატფორმა volunteer.ge, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დარეგისტრირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადამზადებული მოხალისეები სოციალური გარანტიებითაც ისარგებლებენ.

მოხალისეებისთვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, მათ დროებით სარგებლობაში შესაბამისი აღჭურვილობაც გადაეცემათ.

მომავალი წლის პირველი იანვრიდან კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელებს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქოლგის ქვეშ იქმნება ექსპერტთა საბჭო – სამეცნიერო-საკონსულტაციო გუნდი, რომლის მიზანიც პრევენცია იქნება.

საბჭოში შემავალი მეცნიერები სხვადასხვა რისკის მიხედვით შეისწავლიან საქართველოს რეგიონებს და ამ რისკების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობას მიაწვდიან.