სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის გამო, 2017-2018 წლებში საქმიანობა მხოლოდ ერთ ობიექტს შეუჩერდა
სახანძრო უსაფრთხოების დარღვევის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2017 წელს არც ერთხელ არ მიუმართავს სასამართლოსთვის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის, ან საქმიანობის ნაწილობრივ ან სრულად შეჩერების მოთხოვნით. ამასთან, 2018 წელს საქმიანობა დროებით შეუჩერდა მხოლოდ ერთ ობიექტს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
„სახანძრო ზედამხედველობის განხორციელების დებულების მიხედვით, სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია ტექნიკური რეგლამენტების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევა ან/და მათი შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას, თუმცა რომელი შეუსაბამობაა კრიტიკული, დებულებაში განხილული არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ზოგადია და მთლიანად მინდობილია ინსპექტორის პროფესიულ მსჯელობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმები იყო არაარსებითი ოდენობის. 2018 წლის პირველი ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა − 300 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარია.
„2018 წლის პირველი ნახევრის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ სამსახურმა უფრო აქტიურად დაიწყო დაჯარიმების მექანიზმის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ჯარიმა არ დაკისრებია ყველა იმ ობიექტს, სადაც დარღვევები შესაბამისი პერიოდისთვის ვერ გამოსწორდა“, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
რაც შეეხება ობიექტს, რომელსაც საქმიანობა დროებით შეუჩერდა, აუდიტის დასკვნაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა, როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საუბარია სასტუმრო „ლეოგრანდზე“.