საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ხვალ დაინიცირდება
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ხვალ დაინიცირდება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის გათვალისწინებითაც, დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ორმაგდება, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ხვალ დაინიცირდება.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ამასთან, კანონმდებლობის დონეზე ახალი სამართალდარღვევის სახე შემოდის – თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემაზე.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევიდან თბილისის მუნიციპალიტეტში ჯარიმის სახით 2021 წელს შესულია – 69 708 ლარი, ხოლო 2022 წელს – 44 581 ლარი.

ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და გივი ჭიჭინაძე.