საკანალიზაციო სისტემების დაბინძურებისთვის ფიზიკური პირები 400, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით დაჯარიმდებიან
საკანალიზაციო სისტემების დაბინძურებისთვის ფიზიკური პირები 400, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით დაჯარიმდებიან

საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონშია ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისს შევიდა ძალაში.

დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია სანქციები დარღვევის განმეორებით ჩადენაზე – ასეთ შემთხვევაში ჯარიმები ორმაგდება და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად 800 და 2 ათასი ლარი იქნება.

კანონის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს.

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პირველ არხს განუმარტეს, დღემდე მსგავსი დარღვევისთვის ჯარიმები არ მოქმედებდა.

მათი განცხადებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლები ოქმს გამოწერენ და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემენ შემდგომი აღსრულებისთვის.

კანონის თანახმად, დაჯარიმების (ადმინისტრაციული სახდელის დადების) შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.