ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

ფარმაცევტულ პროდუქტთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ნორმების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. ასევე, ცვლილებების მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტის ხელმისაწვდომობის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას  5 000 ლარის ოდენობით.

ზემით აღნიშნულის გარდა, პროექტით, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატის და ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP სერტიფიკატის ფლობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ამასთან, ცვლილებებით, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუცია საქართველოს ნაციონალური GDP სერტიფიკატის ფლობის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 60 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. მთავრობა აღნიშნული ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს.