საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 31-ე კმ-ზე გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტარნსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი დღის უკან უხვი ნალექის შედეგად სხვადასხვა ტერიტორიებზე გამოწვეულია მეწყრული პროცესები, ანალოგიურად, ოზურგეთი-ჩოხატაურის მონაკვეთზე მოხდა გზის ნაწილის ჩაშლა. ხდება ახლა შეფასება და ხვალიდანვე დაიწყება აღდგენაზე მუშაობა.
ყველა სოფელში გეოლოგები არიან ჩართული, ხდება შესწავლა მათ შორის წყლების შეგუბებასთან დაკავშირებით და ა.შ. აბსოლუტურად, სადაც კი საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, არიან გაყვანილები. ხდება ლოკაციების დათვალიერება, გზის აყვანა და წყლისგან დაწრეტა, რათა შემდგომ არ განვითარდეს ცუდი შედეგი იმ კონკრეტულ მონაკვეთზე“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.