საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეს იწყება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დღეს იწყება

საჯარო სკოლებში დარეგისტრირებულ პირველკლასელთა ჩარიცხვის პროცესი დღეს იწყება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მესამე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს, პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. მათ შორის ცნობა ჯანმრთელობის შესახებ – ე.წ. ფორმა-100 და ცნობა ჩატარებული აცრების შესახებ.

როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა არ იწვევს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმას. ამასთან, აღნიშნული ცნობების წარდგენა სავალდებულო საბუთების შეტანის შემდეგ, 21 ივნისის შემდგომ პერიოდშიც არის შესაძლებელი.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეოთხე ეტაპს, რომელიც 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ამ ეტაპზე სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.