სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება
სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საჯარო სკოლებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლებში რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში ან რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

აღნიშნული ეტაპი 2 მაისს დაიწყო. მანამდე კი, 25 მარტიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეგისტრაცია განხორციელდა.

რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას, 21 მაისს, 09:00 საათზე დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.emis.ge

მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.

როგორც განათლების სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ამ მომენტისთვის, პირველ-მეორე ეტაპებზე დარეგისტრირებულია 20 ათასამდე ბავშვი. სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა 73 500 ადგილია, საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 ათას პირველკლასელს ელოდებიან.

ამასთან, მეორე ეტაპის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისის 186-ე სკოლაში (დიდი დიღომი, პეტრიწის ქ.№8ა), პირველ კლასში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის. მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი 41-ე სკოლაში (ზ. ფალიაშვილის ქ. №34).

დატოვე კომენტარი