კომპანია „იუჯითიმ" პირველკლასელთა კომპიუტერების 20 მილიონიანი ტენდერი ერთლარიანი სხვაობით მოიგო
კომპანია „იუჯითიმ"  პირველკლასელთა კომპიუტერების 20 მილიონიანი ტენდერი ერთლარიანი სხვაობით მოიგო

განათლების სამინისტრო პირველი კლასელებისთვის 55 050 კომპიუტერს 20 108 999 ლარად შეიძენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პირველკლასელთათვის 55 050 ცალი კომპიუტერის შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია შპს “ალტა” და „იუჯითი” მონაწილეობდნენ.

შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 22 845 750 ლარი იყო. ტენდერი სამ რაუნდად გაიმართა და საბოლოოდ კომპანია „იუჯითიმ” შპს „ალტას“ 20 მილიონიანი ტენდერი, მხოლოდ 1 ლარიანი სხვაობით მოუგო. მესამე რაუნდის ბოლოს შპს „ალტას“შეთავაზება 20 109 000 ლარი, ხოლო კომპანია „იუჯითის” სატენდერო შეთავაზება 20 108 999 ლარი იყო.

სამინისტრო პორტაბელურ კომპიუტერებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში შეიძენს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „იუჯითისთან” 30 მარტს გაფორმდება.

ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამინისტროს 12 000 ცალი კომპიუტერი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 10 მაისამდე უნდა მიაწოდოს, ხოლო 43 050 ცალი კომპიუტერი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივლისის.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველ კლასელთათვის კომპიუტერების შეძენაზე ტენდერს ყოველ წელს აცხადებს.

2017 წელს პირველკლასელთათვის გადასაცემად 53 700 ცალი კომპიუტერი შეიძინა, რაშიც ჯამში 19 975 326 ლარი გადაიხადა.

სამოტივაციო წერილის თანახმად, ახალი თანხა ბაზრის მოკვლევისა და გასული წლის ანალოგიური ტენდერის ანალიზის შემდეგ დადგინდა.