პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დილის 09:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ზოგადი განათლების მიმართულების პროექტის მენეჯერის, თეონა თევზაძის ინფორმაციით, რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა: ბავშვის, შემდეგ მშობლის პირადი მონაცემების შესაბამის ბაზაში დაფიქსირება და სასურველი რაიონისა და სკოლის შერჩევა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტაციის წარდგენა კი 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველ-მეორე ეტაპებზე უკვე დარეგისტრირებულია 20 000-მდე ბავშვი. პირველ ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდნენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, ასევე რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

მეოთხე ეტაპი, ანუ გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, უშუალოდ სკოლაში განხორციელდება.

სულ საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთათვის 73 500 ადგილია. საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 000 პირველკლასელს ელოდებიან.