დედამიწა უნიკალურია მზის სისტემაში — წარმოადგენს ერთადერთ კლდოვან პლანეტას, რომელსაც დიდი ოდენობით წყალი და შედარებით დიდი მთვარე აქვს, რომელიც ასტაბილურებს დედამიწის დახრილობას საკუთარი ღერძისადმი. ორივე მათგანი გადამწყვეტია სიცოცხლის განვითარებისთვის.
ახალი კვლევის ფარგლებში, გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის პლანეტოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწაზე წყალი 4,4 მილიარდი წლის წინ, მთვარის დაბადების დროს მოვიდა. მთვარე წარმოიქმნა დედამიწასთან მარსის ზომის პლანეტური სხეულის, სახელად თეიას შეჯახების შედეგად. ამ დრომდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ თეია შიდა მზის სისტემაში, დედამიწის სიახლოვეს მოძრაობდა. თუმცა, როგორვ მიუნსტერის უნივერსიტეტის ახალი კვლევა უჩვენებს, თეია მზის სისტემის გარე ნაწილიდან მოვიდა და დედამიწაზე დიდი ოდენობით წყალი მოიტანა.
დედამიწა დაიბადა მზის სისტემის შიდა, „მშრალ“ ნაწილში და შესაბამისად, გარკვეულწილად უცნაურია, რომ ჩვენს პლანეტაზე წყალი არსებობს. ამ უცნაურობაში კარგად გასარკვევად საჭიროა დროში უკან გადასვლა, იმ პერიოდში, როცა მზის სისტემა დაიბადა, 4,5 მილიარდი წლის წინ. როგორც ადრეული კვლევებიდან ვიცით, მზის სისტემა ისე მოეწყო, რომ ერთმანეთისგან განცალკევდნენ „მშრალი“ და „სველი“ მასალები. ე. წ. კარბონატული მეტეორიტები, რომლებიც შედარებით მდიდარია წყლით, გარე მზის სისტემიდან მოვიდა, არაკარბონატული მშრალი მეტეორიტები კი შიდა მზის სისტემიდან.
წინა კვლევები მიუთითებდა, რომ დედამიწაზე წყალი სწორედ კარბონატულმა მეტეორიტებმა მოიტანა, მაგრამ უცნობი რჩებოდა, როდის და როგორ მოხვდა დედამიწაზე ეს მეტეორიტები და მათი წყალი.
კვლევის ავტორის, ჯერიტ ბადის განმარტებით, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მათ მოლიბდენის იზოტოპები გამოიყენეს. ამ იზოტოპების საშუალებით მათ მკაფიოდ განასხვავეს ერთმანეთისგან კარბონატული და არაკარბონატული ნივთიერებები. შესაბამისად, ხელში ჩაუვარდათ გარე და შიდა მზის სისტემიდან მოსული მასალების „გენეტიკური ანაბეჭდი“.
მიუნსტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ანალიზები აჩვენებს, რომ დედამიწაზე მოლიბდენის იზოტოპების შემადგენლობა კარბონატულ და არაკარბონატულ მეტეორიტთა შემადგენლობას შორისაა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწის მოლიბდენის გარკვეული ნაწილი გარე მზის სისტემიდან არის მოსული.
ამ კონტექსტში, მთავარ როლს თამაშობს მოლიბდენის ქიმიური მახასიათებლები, რადგან იგი რკინის მოყვარული ელემენტია და დედამიწაზე არსებული მოლიბდენის მარაგის უმეტესობა პლანეტის ბირთვშია თავმოყრილი.
კვლევის მეორე ავტორის, კრისტოფერ ბარკარტის განცხადებით, აქედან გამომდინარეობს, რომ დღეისათვის დედამიწის მანტიაში არსებული მოლიბდენი მოსულია დედამიწის ფორმირების გვიანდელ ეტაპზე; ადრეული ფაზების მოლიბდენი კი მთლიანად თავმოყრილია ბირთვში.
გამომდინარე აქედან, პირველად ისტორიაში, ამ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კარბონატული მასალები დედამიწაზე გარე მზის სისტემიდან მოგვიანებით მოვიდა.
მეცნიერებმა ერთი საფეხურით კიდევ უფრო წინ წაიწიეს. დაადგინეს, რომ დედამიწის მანტიაში არსებული მოლიბდენის დიდი ნაწილი პროტოპლანეტა თეიამ მოიტანა. ეს სხეული დედამიწას 4,4 მილიარდი წლის წინ შეეჯახა და სწორედ ამ შეჯახების შედეგად დაიბადა მთვარე.
იმის გათვალისწინებით, რომ დედამიწის მანტიის მოლიბდენის მარაგის უმეტესობა გარე მზის სისტემიდან არის მოსული, ნათელი ხდება, რომ სწორედ გარე მზის სისტემიდან არის მოსული თავად პროტოპლანეტა თეიაც.
მეცნიერთა განცხადებით, ამ შეჯახებას საკმარისი კარბონატული მასალები უნდა მოეტანა იმისათვის, რათა წარმოქმნილიყო დედამიწაზე არსებული წყლის ოდენობა.
„ჩვენი მიდგომა უნიკალურია, რადგან პირველად ისტორიაში, საშუალებას გვაძლევს დედამიწის წყლის წარმოშობა მთვარის ფორმაციას დავუკავშიროთ. მარტივად რომ ვთქვათ, მთვარის გარეშე, დედამიწაზე სავარაუდოდ სიცოცხლეც არ იქნებოდა“, — ამბობს მიუნსტერის უნივერსიტეტის პლანეტოლოგიის პროფესორი თორსტენ კლაინი.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uni-muenster.de-ს მიხედვით.