საია-მ და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის მუშაობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს
საია-მ და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის მუშაობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის მუშაობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

ანგარიშში მოსამართლეების არჩევის პროცესზეა გამახვილებული ყურადღება.

„კლანი, უმთავრესად დანიშვნა-გათავისუფლების მექანიზმების მეშვეობით სხვა მოსამართლეებზე ახდენს გავლენას და უქვემდებარებს მათ საკუთარ მიზნებს. მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანი კანონმდებლობა საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, პროცესი არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ წარმართოს. მოსამართლის დანიშვნის კენჭისყრის წესით გადაწყვეტა შესაძლებელს ხდის, რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება შეფასების შედეგების გათვალისწინების გარეშე მიიღონ“, – ნათქვამი ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ კონკურსი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობდა.

„კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, საბჭოს წევრები მონაწილეობენ კონკურენტი კანდიდატების გასაუბრების პროცესში, წვდომა აქვთ კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად საბჭოში არსებულ კონფიდენციალურ დოკუმენტებთან. ეს კონკურსში მონაწილე საბჭოს წევრებს, დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებით, არასამართლიან და უთანასწორო პირობებში აყენებს; საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გააკონტროლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, ისევე, როგორც სკოლაში მსმენელთა მიღება და, საბოლოოდ, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება მთლიანად საბჭოს ხელშია. აღნიშნული საბჭოს აძლევს ფართო ძალაუფლებას და შესაძლებლობას, არასათანადო გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესზე.საბჭო სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეებს შესაბამისი კრიტერიუმებისა და პროცედურების გარეშე, უმეტესად უკონკურენტო გარემოში ნიშნავს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და ტოვებს განცდას, რომ კონკრეტული კანდიდატების დანიშვნა წინასწარ იყო გადაწყვეტილი; კვლავ პრობლემურია თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის მექანიზმის დაურეგულირებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, ეს უფლებამოსილება კონკრეტულ პირს განუსაზღვრელი ვადით და გაურკვეველი საფუძვლებით დაეკისროს.  ინსპექტორის დანიშვნისა და გათავისუფლებისთვის საკმარისია საბჭოს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსამართლე წევრებს, თანამდებობაზე მათთვის მისაღები წევრი გაიყვანონ და მაშინვე გაათავისუფლონ, როგორც კი მათი კონტროლიდან გავა, მით უფრო იმ პირობებში, როცა მისი გადაყენებისთვის მხოლოდ ზოგადი და მანიპულირებადი საფუძვლებია დადგენილი; მიუხედავად, განხორცილებული პოზიტიური ცვლილებებისა არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ დისციპლინური საქმისწარმოების მექანიზმები იშვიათად გამოიყენება. კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვა და დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურება კვლავ პრობლემაა. მაღალია დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის მაჩვენებელი“, – ნათქვამია ანგარიშში.