საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსმუშაკების შესახებ დისკრიმინაციული მუხლის გაუქმებას ითხოვს
საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სექსმუშაკების შესახებ დისკრიმინაციული მუხლის გაუქმებას ითხოვს

კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები სექსმუშაკ ქალებს დაცვის სანაცვლოდ, თხოვდნენ უფასოდ გაეწიათ მათთვის სექსუალური მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, თამარ დეკანოსიძემ განაცხადა.

თამარ დეკანოსიძემ ისაუბრა კვლევაზე “გენდერული ძალადობა სექს მუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება“, სადაც იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში პროსტიტუციის კუთხით არსებობს.

„კვლევამ აჩვენა, რომ დღეს საქართველოში სექს მუშაკი ქალები განიცდიან ძალადობის სხვადასხვა ფორმებს და სხვა ქალებთან შედარებით, მათთვის ქვეყანაში არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები, ხელმისაწვდომი არ არის. სექსმუშაკების მიმართ მთავარი მოძალადეები არიან კლიენტები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დარღვევები, ვინაიდან პოლიციელები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ქალების ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვის ვალდებულება აკისრიათ”, – განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

მისივე თქმით, პოლიციელებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიმართულია არა პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალთა ძალადობისგან დაცვისკენ, არამედ მიმართულია სექსმუშაკი ქალების დასჯაზე და პროსტიტუციას მორალურ კონტექსტში განიხილავს.

„დღეს პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ კუთხით კანონმდებლობა დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი არის არა კლიენტი, არამედ ქალი, რომელიც სექსუალურ მომსახურებას ყიდის, ანუ სექსმუშაკი. სწორედ ამგვარი საკანონმდებლო გარემო აძლევს პოლიციელებს იმის შესაძლებლობას, რომ სექსმუშაკების მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ხერხები გამოიყენონ პროსტიტუციის აღკვეთის კონტექსტში. ყველაზე კლასიკური ვითარება ამ დარღვევების აღსაწერად არის შემთხვევა, როდესაც სექსმუშაკ ქალს პოლიციელი ქმედების აღკვეთისკენ მოუწოდებს და ამ დროს იგი მის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს. უკიდურესად პრობლემურად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები სექსმუშაკ ქალებს დაცვის სანაცვლოდ თხოვდნენ, უფასოდ გაეწიათ მათთვის სექსუალური მომსახურება. ამაზე სექსმუშაკი ქალები ჩვენს მიერ ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებში ყვებიან. საქართველოს ხუთ ქალაქში სულ 26 სექსმუშაკი ქალი გამოვკითხეთ”, – განაცხადა თამარ დეკანოსიძემ.

საია-ს რეკომენდაციაა, რომ გაუქმდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციული მუხლი, რომელიც პროსტიტუციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს, სჯის სექსმუშაკ ქალს და არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს კლიენტს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროსტიტუციის დანახვა ქალთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების კონტექსტში.