საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ იტალიაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ
იტალიაში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საქართველოს საკონსულოში შეტყობინება არ შესულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ავარიით დაშავებულთა იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება.
„ამ დროის მონაცემებით, იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შესულა. ჯერ მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება“, – აცხადებენ უწყებაში.
იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი. „ბიბისის“ ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო. იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეები არიან.