საგარეო უწყება - საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზეა
საბერძნეთში არსებული მასშტაბური ხანძრების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საბერძნეთში საქართველოს საელჩო ადგილზე მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან მუდმივ კონტაქტზეა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მასშტაბური ხანძრების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო პროაქტიულ კონტაქტზეა საბერძნეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას მათ მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.
„უკვე შედგა სატელეფონო საუბარი ათეულ დიასპორულ ორგანიზაციასთან, რომელიც თავის მხრივ ადგილზე მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. სამინისტროს და საელჩოს თანამშრომლებმა დიასპორის წარმომადგენელებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიფრთხილისკენ და საბერძნეთის მთავრობის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ. ასევე დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით და მოუწოდეს დახმარების საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ როგორც საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, ასევე საბერძნეთის შესაბამის უწყებებს.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის საბერძნეთში მიმდინარე ხანძრების გამო საქართველოს საელჩომ სპეციალური გაფრთხილება გამოსცა, სადაც საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს ზედმიწევნით გაითვალისწინონ საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს მოწოდებები, მოერიდონ ყველანაირ საქმიანობას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცეცხლის გაჩენა, აკრძალულია ტყის ტერიტორიაზე შესვლა, მოერიდონ არამიზნობრივ გადაადგილებას. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე, კვამლის ან ცეცხლის შენიშვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სახანძრო დეპარტამენტს ნომერზე: 199; საბერძნეთის პოლიციას – 100; სასწრაფო დახმარებას – 166. წყვეტ რეჟიმში მოქმედებს ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793“, – აღნიშნულია განცხადებაში.