საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საკითხებზე მედიასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

12:18, 24.10.2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მედიას წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ საკონსულო მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 25 ათასამდე ზარი, ხოლო ელექტრონულ ფოსტაზე 10 ათასამდე წერილია შესული.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კონკრეტულად ევროკავშირის/შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესახებ აწარმოებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამინისტროს დაგეგმილი აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, მათ შორის, გარკვეული პერიოდულობით სოციალურ ქსელებში პირდაპირი ჩართვებისა და შეკითხვა-პასუხის ფორმატის მეშვეობით.

სამინისტროს დაგეგმილი აქვს საკონსულო თემატიკის გარდა წლის ბოლომდე მედიასთან გამართოს მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

2018 წლის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები ასეთია: საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში 28 დიპლომატი მუშაობს; საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში 90-მდე საკონსულო თანამდებობის პირია; საკონსულო დაფარვის არეალი ვრცელდება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე; საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 48 საპატიო კონსული ჰყავს; მიმდინარე წელს საკონსულო დეპარტამენტში 11 000-მდე ოფიციალური კორესპონდენცია შემოვიდა; უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საკონსულო დეპარტამენტმა 25 000-მდე ელექტრონული ვიზა გასცა; დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ყოველდღიურად დაახლოებით 100 ზარი შემოდის; დეპარტამენტი ყოველდღიურად დაახლოებით 35 ელექტრონულ წერილზე იძლევა პასუხს; მიმდინარე წელს დეპარტამენტმა 30 მდე მძიმე მდგომარეობაში მყოფ მეზღვაურს აღმოუჩინა დახმარება; 5000-მდე სალეგალიზაციო განაცხადი დამუშავდა და გადაეცა განმცხადებელს; საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე გაიცა 11 000-მდე საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და 14 800-მდე ბიომეტრიული პასპორტი.

მსგავსი