ამირან გამყრელიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში მიიღოს
ამირან გამყრელიძე - საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში მიიღოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას კოვაქს-პლატფორმიდან დიდი ალბათობით, მარტ-აპრილში მიიღებს.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ გარკვეული მარეგულირებლების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა ქვეყანაში უფრო ადრე იქნას შემოტანილი, რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დასაწყისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 20-დან 30 პროცენტამდე უნდა აიცრას.

„მოგეხსენებათ, დღეს დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ვაქცინაცია „ფაიზერის“ საზოდა გერმანული „ბიოენტექის“ მიერ ნაწარმოები ვაქცინით, რომელიც ლოჯისტიკურად რთულად საწარმოებელია. ასევე, გარკვეული ვაქცინის გამოყენება დაწყებული აქვს ჩინეთს თავისი შიდა მოხმარებისთვის. შიდა მოხმარებისთვის ვაქცინაცია დაიწყო რუსეთმაც. ამ ავაქცინებს შორის დამზადების ტექნოლოგიებში განსხვავებაა. უკვე დამტკიცების ეტაპზეა დამატებით კიდევ ორი ვაქცინა. 29 დეკემბერს ევროპის წამლის სააგენტო დაამტკიცებს ევროპაში და ევროკავშირში გამოსაყენებლად იმ ვაქცინას, რომელიც ბრიტანეთმა დაიწყო ფაიზერ „ბიოენტექის“, რადგან, მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ევროკავშირში აღარ შედის და მას თავისი მარეგულირებელი აქვს და თავად დაამტკიცა ეს. როგორც მე ვიცი, მომავალ კვირაში დაამტკიცებს ამერიკის მარეგულირებელი ამ ვაქცინას, ასევე დაამტკიცებენ „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც მინუს 20-გრადუსიან ცივ ჯაჭვს საჭიროებს. ხოლო მესამე ვაქცინა, რომელიც დიდი ალბათობით, დამტკიცდება შვიდ იანვარს (ასეთია გეგმა), არის „ასტრაზენეკას“ და „ოქსფორდის“ უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც იმავე ტიპის ცივ ჯაჭვს საჭიროებს, რაც უმრავლესობა ქვეყნებს აქვს, მათ შორის ჩვენც.

ევროკავშირს და ეგრეთ წოდებულ კოვაქს-პლატფორმას, რომელზეც ჩვენ ვართ გაერთიანებული, რამდენჯერმე გაუწყეთ, რომ წინასწარი შენატანი, ოთხი მილიონი დოლარით გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი, გათვლილია 700 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 20 პროცენტის აცრა მოხდება ორჯერადად მილიონ 400 ათასი დოზით. ანუ ვყიდულობთ მილიონ 400 ათას დოზას კოვაქს- პლატფორმით. ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან, არ ვიცით რომელი იქნება. როგორც გვაქვს ინფორმაცია, „კოვაქსი“ შეისყიდის 4-5 ვაქცინას, ხოლო ჩვენ ისეთი სახის კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ ოთხი-ხუთიდან შეგვიძლია, ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მარტი-აპრილი. ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე და სამი სცენარი სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით მუშავდება, თუ რომელი ვაქცინა იქნება, რომ შესაბამისი სცენარი ცივი ჯაჭვის და აცრის პროცედურის, აწყობილი იყოს.

ამავე დროს, პარალელური პროცესი მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამთავრობო არხებით, რომ გარკვეული მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნას ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. დაახლოებით საუბარია 200-დან 300 ათას დოზაზე, რათა რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია. ეს არის პროცესი, რომლითაც 20-დან 30 პროცენტამდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველი ნახევრიდან შემოდგომამდე და შემდეგ რა თქმა უნდა, კიდევ გავზარდოთ, რადგან რომ მიიღოთ ეგრეთ წოდებული კოლექტიური იმუნიტეტი საზოგადოებაში, გვჭირდება, აცრილი იყოს სულ მცირე მოსახლეობის 50-დან 60 პროცენტამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებში შემავალი პირები აიცრებიან.

„პირველ ეტაპზე აიცრებიან რიკსჯგუფები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი რისკჯგუფი არის სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, კიდევ სხვა რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.