საქართველოს საგარეო უწყება - კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს ტერიტორიულ წყლებში, შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დღეს, 23 აგვისტოს გაუჩინარებული გემი PANTELENA დაფიქსირდა, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა) მიემართება.
სამინისტროს ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყვეს ყველა მხარის ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნას პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან – პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.