საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. უდაბნოს ცენტრი საქართველოში 63-ეა, ხოლო კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტე.
ცენტრის გახსნას იუსტიციის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი მცირე სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება.
„პროექტი სპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯს ესაზღვრება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს.
ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საზოგადოებრივი ცენტრი გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სოფელ უდაბნოს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილზე აიღონ პენსია, მიიღონ უწყვეტი სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი.