„ლელომ“ საგარეჯოს მერობის კანდიდატად ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა
„ლელომ“ საგარეჯოს მერობის კანდიდატად ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ საგარეჯოს მერობის კანდიდატად ეკატერინე ქვლივიძე წარადგინა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ეკატერინე ქვლივიძე არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი სამხედრო მფრინავია.

„მისი ვაჟკაცობის, მისი შრომისუნარიანობის, პატიოსნების ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც ათასობით საგარეჯოელს, რადგან სწორედ ასეთი ადამიანი გაუძღვება საგარეჯოს ძალიან სერიოზული პროგრესისა და აღორძინებისკენ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანა უნდა გადავიდეს მრავალპარტიულ მმართველობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ახლა ჩვენ მთელი საქართველო ველოდებით, არის გადამწყვეტი არჩევნები არა მხოლოდ ადგილობრივი კანდიდატებისთვის, საკრებულოებისთვის, მერობის კანდიდატებისთვის. ეს არის პრაქტიკულად ტესტი, რეფერენდუმი იმისა, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ ხვალ. ამისათვის მე მოვუწოდებ ყველას, მთავარია გავისტუმროთ ერთპარტიული მმართველობა, გავისტუმროთ „ქართული ოცნება“. დაუჭირეთ მხარი ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას.

ჩვენ უნდა გადავიდეთ მრავალპარტიულ მმართველობაზე, ამას აუცილებლად მივაღწევთ და დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, გადავალთ მრავალპარტიულ მმართველობაზე და ჩავატარებთ სრულად პროპორციულ არჩევნებს მომავალ წელს. ქვეყანას აუცილებლად ეყოლება კოალიციური მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ჭაობიდან. ჭაობიდან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა მმართველობამ შეიყვანა. დამთავრდა „ოცნების“ დრო, საქმის დრო დაიწყო. უნდა დასრულდეს ჭაობი და ასპარეზზე შემოვიდეს ახალი ძალა, ახალი სახეები და საქმიანი ადამიანები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დატოვე კომენტარი