საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ინფორმაციით, დაჭრილი ოთხი პაციენტიდან ერთის გაწერა იგეგმება, მძიმე პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ინფორმაციით, დაჭრილი ოთხი პაციენტიდან ერთის გაწერა იგეგმება, მძიმე პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სროლის შედეგად დაჭრილი ოთხი პაციენტი რჩება, მათგან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე.

მისივე თქმით, ერთი პაციენტის კლინიკიდან გაწერა იგეგმება, მძიმე პაციენტი კი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„კლინიკაში ოთხი ავადმყოფი რჩება, აქედან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე. ის ოპერაციის შემდგომ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს. ერთი პაციენტი მსუბუქი დაზიანებებით არის, ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული დამუშავება და იგეგმება კლინიკიდან გაწერა.

რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტს, რომელიც 21 წლისაა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები მუცლის ღრუსა და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში. დაზიანებულია არტერია და ვენა, რომლის აღდგენაც გაკეთდა. ამ ეტაპზე მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში“, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამი პაციენტი კონტაქტურია, მათ ჩვენება ჩამოერთვათ. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვას აწარმოებენ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.